თეა წულუკიანი – 16 წლის ასაკს ქვევით ქორწინების შემთხვევები მკაცრად უნდა იყოს დასჯილი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 16 წლის ასაკს ქვევით ქორწინების შემთხვევები მკაცრად უნდა იყოს დასჯილი. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც სახალხო დამცველის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საქორწინო ასაკის შეზღუდვას ეხება.
როგორც წულუკიანმა განაცხადა, მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ სახელმწიფომ კანონებით და კარგი პრაქტიკით დაიცვას 16 წლამდე ასაკის ბავშვები ნაადრევი ქორწინებისგან.
“საუბედუროდ, ხანდახან არის, რომ 11, 12, 13, 14, 15 წლის ბავშვები მამაკაცებს მოჰყავთ ცოლად. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვერც ერთი ასეთი დანაშაული, რომელიც ჩუმად ქორწინებების სახით ფორმდება, ვერ დარჩება დაუსჯელი.
რაც შეეხება 16 წლის ასაკში მშობლის ნებით ქორწინებას, კარგია, რომ ეს უქმდება, რადგან ხდება ისეც, რომ ძალიან ბევრი მშობელი გავლენას ახდენს საკუთარი შვილის არჩევანზე და ეს გოგონების შემთხვევაში ხდება უფრო ხშირად. მშობლები აიძულებენ თავის 16 წლის გოგონას, იმას გაჰყვეს ცოლად, ვისთანაც ცხოვრება მის შვილს არ სურს”, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ მშობლების უფლება ამ მხრივ შეიზღუდება და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ადამიანი – მოსამართლე მისცემს ან არ მისცემს დაქორწინების ნებართვას იმ წყვილს, რომელიც არასრულწლოვანია.
“მაგრამ 16 წლის ასაკს ქვევით თოთოეული შემთხვევა უნდა იყოს მკაცრად დასჯილი, როგორც კი მამაკაცი გაბედავს და 12, 13 და 16 წლამდე ასაკის გოგონას წაართმეს უფლებას განვითარების, თავისუფლების და წაართმევს არჩევანის უფლებას. ყველა ქალს აქვს უფლება აირჩიოს როდის და ვისთან შექმნას ოჯახი”, -განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაურის კლინიკაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიავაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა