საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაეროს ეგიდით მისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ხელახალი იერიში თავიდან აცილებას შეძლებს, იუწყება The Telegraph.
გამოცემის ცნობით, მაკრონი სხვადასხვა სცენარს განიხილავს, რომლებმაც შეიძლება უკრაინაში ევროპული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ჩაანაცვლოს. ამ გეგმის შემუშავებაში ასევე ჩართულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
როგორც The Telegraph წერს, საფრანგეთის ლიდერი გაეროს ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომლის მიზანი სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებების დაცვა იქნება. მაკრონი და სტარმერი იწყებენ ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბებას, რათა შექმნან სამშვიდობო ძალები შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიებით.
მაკრონმა გაეროს შესაძლო სამშვიდობო მისიის საკითხი ევროპული საბჭოს სამიტზე წამოჭრა, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ესწრებოდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ხაზს უსვამს არა უკრაინაში ევროპული ჯარების პირდაპირ ჩართვას, არამედ საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერის გაძლიერებას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.