The Moscow Times-ის ინფორმაციით, განახლებული სასწავლო პროგრამა, საბჭოთა ეპოქის მსგავსად, მწყობრში სიარულისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გარდა, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) მართვასა და სავალდებულო საველე წვრთნებსაც მოიცავს.
უფროსკლასელებს ასევე ასწავლიან საერთო-სამხედრო ტაქტიკას, პირველად დახმარებასა და ხელყუმბარების მოხმარებას. ხელისუფლება გეგმავს, რომ პირველადი სამხედრო მომზადება დამოუკიდებელ საგნად გამოყოს და წელიწადში 64 აკადემიური საათი დაუთმოს. პროგრამის საპილოტე ვერსია 2026 წლის სექტემბერში ამოქმედდება 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის რუსეთის ათ რეგიონში, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ციმბირის ოლქებში.
რუსი მაღალჩინოსნები იდეოლოგიურ მიზნებს არ მალავენ. მოსკოვის ოლქის განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლარისა სულიმამ აღნიშნა, რომ კურსში ინტეგრირებული იქნება „პატრიოტული კომპონენტი“, რადგან „დასავლური სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ“. თავის მხრივ, დუმის დეპუტატმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ რუსი ბავშვები ნატოსთან ომისთვის დაწყებითი სკოლის დასრულებისთანავე უნდა მოემზადონ.
ამავდროულად, ჟურნალისტური გამოძიებების მიხედვით, რუსეთის 77 რეგიონის 1000-ზე მეტ სკოლაში სამხედრო აღჭურვილობის წარმოება პირდაპირ სასწავლო პროგრამაში, კერძოდ ხელსაქმის გაკვეთილებზე დაინერგა. მოსწავლეებს სავალდებულო წესით ავალებენ სანგრის სანთლების, კამუფლაჟის ბადეების, სამხედრო წინდებისა და ნიღბების დამზადებას უკრაინაში მებრძოლი რუსული ჯარისთვის.
პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად ტარდება სამხედრო-სპორტული თამაშები „ზარნიცა 2.0“, სადაც არასრულწლოვნებს ტყვეობიდან თავის დაღწევას, პოზიციების შტურმით აღებასა და პროპაგანდის ტექნიკის გამოყენებას ასწავლიან.


















