20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

The Guardian: თბილისში “ტრამპ ტაუერი” აშშ-ის მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიწაზე შენდება

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „ტრამპ ტაუერი“, რომლის მშენებლობაც საქართველოს დედაქალაქ თბილისში იგეგმება, აშენდება მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილობრივი მფლობელიც ამჟამად ქვეყნის აშშ-ის მიერ დასანქცირებული არაფორმალური ლიდერის შვილია.

ცათამბჯენის პროექტი, რომელიც ადგილობრივი კონსორციუმისა და დონალდ ტრამპის შვილების (დონალდ ტრამპ უმცროსი და ერიკ ტრამპი) მიერ მართული Trump Organization-ის ერთობლივი წამოწყებაა, განთავსდება ნაკვეთზე, რომლის ამჟამინდელი რეგისტრირებული მფლობელი „საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუა“.

ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით:

  • ფონდ „ქართუს“ სრულად ფლობს სს „ქართუ ჯგუფი“.

  • „ქართუ ჯგუფის“ 35%-იან წილს ფლობს უტა ივანიშვილი — მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ფართოდ არის აღიარებული საქართველოს მთავრობის დე ფაქტო ლიდერად, ბაიდენის ადმინისტრაციამ 2024 წელს დაასანქცირა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრის გამო“.

The Guardian წერს: უტა ივანიშვილი, რომელიც თავად არ არის დასანქცირებული, 2024 წლამდე „ქართუ ჯგუფის“ 100%-ს ფლობდა, თუმცა საკუთარი წილი 35%-მდე შეამცირა მას შემდეგ, რაც მამამისს აშშ-ის ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესდა. „ქართუ ჯგუფის“ დარჩენილი 65%-ის მფლობელების იდენტიფიცირება დღეს შეუძლებელია, რადგან 5%-ზე ნაკლები წილების მქონე აქციონერებს ანონიმურობის უფლება აქვთ.

სანქციების რეჟიმით, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიძინა ივანიშვილთან პერსონალურად ბიზნესის წარმოება ან მომსახურების გაწევა, თუმცა არსებობს გამონაკლისი მის მიერ კონტროლირებად ბიზნესებთან დაკავშირებით.

Trump Organization-ისა და ივანიშვილის ოჯახის კავშირები აჩენს ახალ კითხვებს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის სახელის იმ დეველოპერებზე გაყიდვას უკავშირდება, რომლებიც საცხოვრებელ და საკურორტო კომპლექსებს აშენებენ. მსგავსი ფრანშიზული ხელშეკრულებები ტრამპის კომპანიას გაფორმებული აქვს ომანსა და საუდის არაბეთშიც. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „არც პრეზიდენტი და არც მისი ოჯახი“ არასოდეს ჩართულან ინტერესთა კონფლიქტში.

აპრილში გამოქვეყნებულ პრესრელიზში, სადაც 70-სართულიანი ტაუერის მშენებლობა დაანონსდა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ კომპანია „ამაყობს საქართველოში გლობალური სტანდარტის შეტანით და მოხარულია ასეთ პატივსაცემ დეველოპერებთან თანამშრომლობით“.

პროექტში, ტრამპის ძველ პარტნიორ Sapir Organization-თან ერთად, ოთხი ქართული კომპანია მონაწილეობს (არცერთი მათგანი ან მათი დირექტორები დასანქცირებულნი არ არიან):

  1. არქი ჯგუფი (Archi Group) – მისი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ილია წულაია, წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო.

  2. ბიოგრაფი ლივინგი (Biograpi Living) – შედის „ვისოლ ჯგუფში“, რომლის მფლობელები ძმები სოსო და ლევან ფხაკაძეები არიან. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათი დუმილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე ადგილობრივი მედიის განხილვის საგანი გახდა.

  3. ბლოქსი (Blox Group)

  4. ფინვესტ ჯორჯია (Finvest Georgia)

გამოცემის კითხვებს არცერთმა ამ კომპანიამ არ უპასუხა.

ცენტრალურ თბილისში მდებარე ნაკვეთი, სადაც „ტრამპ ტაუერი“ უნდა აშენდეს, ყოფილი საბჭოთა იპოდრომია. ის ამჟამად „ქართუს“ საკუთრებაა, თუმცა 2023 წელს გაფორმდა ხელშეკრულება მისი მიყიდვის შესახებ კომპანია Central Park Avenue LLC-სთვის.

ამ დროისთვის მიწის მხოლოდ მცირე, პერიფერიული ნაწილია გადაფორმებული ამ კომპანიაზე. ნაკვეთის ძირითადი ნაწილის გადაცემა მოხდება მას შემდეგ, რაც „ქართუ“ გაყიდვის სრულ თანხას მიიღებს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თემო წიკვაძემ გამოცემასთან განმარტა:

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სულ 511 880 კვ.მ მიწას ფლობდა. ამ მიწის უდიდესი ნაწილი — 431 735 კვ.მ — ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა და საკუთარი სახსრებით აშენებს „ცენტრალურ პარკს“. დარჩენილი 80 000 კვ.მ-ის წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა კომპანია Central Park Avenue LLC-სთან. აქედან 9 645 კვ.მ უკვე სრულად გადაცემულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი გადაეცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის შემდეგ“.

„ტრამპ ტაუერის“ პროექტი ივანიშვილის კრიტიკოსების მიერ აღიქმება, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან დაახლოების და მის წინაშე „ქულების ჩაწერის“ მცდელობა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობის გამოცხადებად აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ტრამპის ბრენდის შემოსვლა ნიშნავს, რომ კომპანიას კარგად ესმის არსებული გარემო და ტრამპი უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას.

ამასთანავე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროექტი არა მხოლოდ კერძო ბიზნესი, არამედ პოლიტიკურია. ქევხიშვილმა სამი მთავარი მიზეზი დაასახელა:

  1. პროექტში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენების მონაწილეობა;

  2. მიწა დღემდე ეკუთვნის ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ფონდ „ქართუს“;

  3. მმართველი გუნდის პროპაგანდისტული არხები (რომლებიც ახლახან დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გამო დაასანქცირა) ამ ბიზნესგარიგებას პარტიის პოლიტიკურ გამარჯვებად აშუქებენ.

თეთრმა სახლმა კითხვებით Trump Organization-თან გადაამისამართა, თუმცა ტრამპის კომპანიამ გამოცემის კითხვებს არ უპასუხა.

banner
წინა სტატიაში“ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: აშშ არ აპირებს ქართველი ხალხის მარტო დატოვებას, ვაშინგტონისთვის “შუა დერეფნის” პერსპექტივა მნიშვნელოვანია