თბილისში “ტრამპ თაუერი” აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის შვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენდება. ამის შესახებ The Guardian-ი ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ორგანიზაციასა და ივანიშვილის ოჯახს შორის კავშირები ახალ შეშფოთებას გამოიწვევს ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტთან დაკავშირებით.
,,სანქციების რეჟიმის თანახმად, აშშ-ის მოქალაქეებს ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება, გადახდების დამუშავება ან ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად მომსახურების გაწევა ავტორიზაციის გარეშე, მაგრამ არსებობს გამონაკლისი მის მიერ კონტროლირებად ბიზნესებთან დაკავშირებით,” – წერია The Guardian-ის სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ოთხი ქართული კომპანია – Archi Group, Biograpi Living, Blox Group და Finvest Georgia, აშშ-ში დაფუძნებულ Sapir Organization-თან ერთად, რომელიც ტრამპის დიდი ხნის პარტნიორია, პარტნიორობას იწყებს Trump Organization-თან საქართველოში ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობის პროექტისთვის.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ამ კომპანიების ან მათი დირექტორების მიმართ სანქციები არ არის დაწესებული.
















