თბილისში თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია იმართება

24-25 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) უმასპინძლებს. კონფერენცია ქ. თბილისში, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ჩატარდება. კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტების მხტომელთა “The Tigers” ჩვენება.

კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან და მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავენ – საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა – შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება.

კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას მაღალი რანგის მონაწილეები ჩაერთვებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვაში, სადაც მთავარი აქცენტი 2016 წლის ვარშავის სამიტზე გაკეთდება.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა
შემდეგი სტატიაკორცხელში ხმების გადათვლა დასრულდა – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ მოიგო