თბილისში ტაქსების ლიცენზირების პროცესი მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანია კერძო სექტორი მიმდინარე პროცესს მომზადებული შეხვდეს

,,2018 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების ლიცენზირება დაიწყო. პროცესის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება, მეორეს მხრივ კი მოქალაქეებისათვის და კერძო ტაქსისა და ლიზინგის კომპანიებისთვის გონივრული დროის მიცემა და ხელსაყრელი პირობების შექმნა. წამყვანმა ევროპულმა დედაქალაქებმა ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ გაიარეს, ამიტომ მნიშვნელოვანია არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება” – აცხადებს სალიზინგო კომპანია ,,აუტო ფაინენსის“ დამფუძნებელი ლევან ლაბარტყავა.

,,ტაქსების პრობლემის რეგულირება რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ტაქსების ლიცენზირებას, მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისთვის შეზღუდვების დაწესებას და თბილისში თეთრი ფერის ტაქსების დაშვებას. ტაქსი დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი გადაადგილების საშუალებაა მოქალაქეებისათვის, გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში აუცილებელია ტაქსის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შეიქმნას და აგრეთვე სატრანსპორტო სისტემა იყოს მოწესრიგებული. ჩემი აზრით კარგი იქნება თუ თბილისის მერია გაითვალისწინებს კერძო ტაქსებისა და შესაბამისი კომპანიების მოსაზრებებს პროცესის ადმინისტრირებისას. ამ მომენტისთვის გაცემულია 9000-მდე ტაქსის ლიცენზია, რომლისთვისაც დადგენილია ლიცენზიის საფასური: სტანდარტული 100 ლარი, ჰიბრიდულ ავტომობილებზე 50 ლარი, ელექტრო ძრავიან ავტომობილებზე უფასოა. იქედან გამომდინარე, რომ მალე იგეგმება აკრძალვების შემოტანა ე.წ 3 კარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილებისათვის, აგრეთვე ტაქსებისთვის მხოლოდ თეთრი ფერის დაშვება, მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება. მაგალითად პირს ტაქსის ლიცენზია არ უნდა გაუქმდეს ავტომატურად, იმ შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელი შეცვლის ავტო სატრანსპორტო საშუალებას. ასევე სასურველია მძღოლს უფასოდ შეეძლოს ნებართვის შეცვლა ლიცენზიის ვადის პერიოდში თუ კი ის გადაინაცვლებს სხვა ავტომობილზე. საინტერესოა როგორ დარეგულირდება საჭე გადატანილი ავტომობილების საკითხი, რადგან გაჩნდება იმის საშიშროება, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილის მფლობელებმა მოახდინონ ავტომობილის ტექნიკურ პარამეტრებში ხელოვნური ჩარევა საჭის გადატანის მიზნით. ჩვენი აზრით დასახვეწია ლიცენზირების პირობები. ამ ეტაპზე ლიცენზია მიბმულია მძღოლზე და სატრანსპორტო საშუალებაზე ერთდროულად. არ არის გათვალისწინებული ის შემთხვევები როდესაც ტაქსის მძღოლს უწევს რამდენიმე ავტომობილის მართვა, ან ის შემთხვევა როდესაც ერთ სატრანსპორტო საშუალებას შესაძლოა მართავდეს რამდენიმე მძღოლი.
თბილისში ტაქსების ლიცენზირების პროცესი მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანია კერძო სექტორი მიმდინარე პროცესს მომზადებული შეხვდეს. როგორც ვიცით 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსებმა უნდა იარონ, ამ ეტაპზე საკმაოდ რთულად მიღწევადია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი. იმ დროს როდესაც ავტომობილის სრულად შეღებვის ფასი საშუალოდ 1000-დან 1500 ლარის ფარგლებში მერყეობს, არც ისე მარტივი იქნება ტაქსის მძღოლებისთვის ავტომობილის თეთრად გადაღებვა. ასევე არ არის გამართული ინფრასტრუქტურა და არ არის საკმარისი მუშახელი და ტექნიკური უზრუნველყოფა სამღებრო სახელოსნოების სახით. იმ დროს როდესაც ჩვეულებრივ რეჟიმში ავტომობილის ნაწილობრივი შეღებვისას მფლობელს უწევს რამდენიმე დღიანი ლოდინი და რიგში დგომა, თქვენ წარმოიდგინეთ 2019 წელს რა მოხდება როდესაც 10 000-ზე მეტი ავტომობილი იქნება შესაღები სრულად. რომ არაფერი ვთქვათ ამ დროს ტაქსისტისთვის მინიმუმ ერთი კვირით სამუშაოს გარეშე დარჩენაზე. ამ პროცესს კერძო სექტორიც მომზადებული უნდა შეხვდეს და მნიშვნელოვანია სოციალური კამპანიის წარმართვა სექტორის ინფორმირებისათვის“ – აცხადებს სალიზინგო კომპანია ,,აუტო ფაინენსის“ დამფუძნებელი, ფინანსისტი ლევან ლაბარტყავა.

banner
წინა სტატიაშიავტომობილის შეჯახების შედეგად ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა