თბილისში სამოქალაქო ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

21 დეკემბერი მნიშვნელოვნად მძიმე თარიღია საქართველოს უახლეს ისტორიაში. 1991 წლის 21 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც 6 იანვრამდე გასტანა. იმ დღეს, პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ჯერ თბილისი, შემდეგ კი, საქართველო დატოვა. ხელისუფლება ხელში სამხედრო საბჭომ ჩაიგდო. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლამდე, ისინი მართავდნენ სახელმწიფოს.

სამოქალაქო დაპირისპირებამ თბილისიდან დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა. მაშინ, ბევრი დანაშაული იქნა ჩადენილი. განსაკუთრებით დაზარალდა სამეგრელო. ამ კუთხემ ბოლომდე უერთგულა პირველ პრეზიდენტს, რისთვისაც მწარედ დაისაჯა.

შეტაკებებმა დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ომის წინაპირობა ქვეყანაში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა – ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. გამსახურდიამ ის შს სამინისტროს დაუქვემდებარა.

მაშინ სარდალი თენგიზ კიტოვანი იყო.

მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა, კიტოვანმა კი უარი თქვა, შეესრულებინა ზვიად გამსახურდიას ბრძანება და მას დაქვემდებარებული 15 000 კაციანი გვარდია, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. მაშინ კიტოვანმა თქვა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, გამსახურდიაც უწოდებდა ოპონენტებს მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს.

დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება რამდენჯერმე უშედეგოდ სცადეს. 22 დეკემბერს, დილის 8-ის ნახევარზე რუსთაველის გამზირზე სროლის ხმა გაისმა.

მაშინ, თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა.

ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან ე.წ კანონიერი ქურდი, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე, ჯაბა იოსელიანი გაათავისუფლა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება “მხედრიონი” შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ისახავდა.

ზვიად გამსახურდიამ თავი ბუნკერს შეაფარა, 1992 წლის 6 იანვარს კი ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი, სომხეთში წავიდა და იქ, მცირე ხანი დაჰყო.

ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თენგიზ სიგუა, თავდაცვის ექს-მინისტრი, თენგიზ კიტოვანი და “მხედრიონის” მეთაური, ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის 7 მარტს კი, საქართველოში ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა.

1993 წელს საქართველოში დაბრუნდა ზვიად გამსახურდიაც, ზუგდიდში ჩავიდა და აჯანყება სცადა. მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა, რასაც, მათი მხრიდან მოსახლეობის დარბევა და ძარცვა მოჰყვა.

1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ.

31 დეკემბერს კი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხობში, სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაზღვაო დარტყმა კრემლის საფულეზე – რა მიზანი აქვს უკრაინას?!
შემდეგი სტატია21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობები – შს სამინისტროს განცხადება