თბილისში, ისტორიული „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის შესწავლა და მასში დაცული ალკოჰოლური სასმელების იდენტიფიცირება იწყება. საცავში, რომელიც საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს, წინასწარი მონაცემებით, 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლია დაცული.
კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს აერთიანებს. მათ შორისაა ისტორიულ ფიგურებთან, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტსა და იოსებ სტალინთან დაკავშირებული უნიკალური და იშვიათი ნიმუშები.
სპეციალისტების განცხადებით, საცავის გახსნა და სასმელების წარმოშობის ზუსტი დადგენა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა კულტურული მემკვიდრეობისთვის:
„ეს სივრცე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც ღვინის კულტურის სამშობლოს მნიშვნელობას. დაწყებული პროცესი საქართველოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩენს და შესაძლებლობას მოგვცემს, წარმოდგენილი უნიკალური ნიმუშები მსოფლიოს მსხვილი აუქციონების ლოტებად იქცეს“, — აცხადებენ დარგის სპეციალისტები.
ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს უვადო სარგებლობაში გადასცა. გახსნის ღონისძიებას, მთავრობის წევრებთან ერთად, ფრანგული „შატო იკემის“ პრეზიდენტი პიერ ლურტონი, საერთაშორისო სააუქციონო სახლების წარმომადგენლები და უცხოელი კოლექციონერები ესწრებოდნენ.

















