თბილისში OECD-ის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია გაიხსნა

თბილისში “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია გაიხსნა. გლობალური ფორუმის სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.
სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით OECD-ის თავმჯდომარემ, კოსი ლოუმ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მიმართეს. ნოდარ ხადურის განმარტებით, გლობალური ფორუმის სესიის ჩატარება საქართველოში იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის, გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა.

“ამ ტიპის ღონისძიებები ადასტურებს, რომ საქართველო არის რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, არამედ მისი მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება. დღეს ჩვენ OECD-ის ფარგლებში ვატარებთ გლობალური ფორუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საგადასახადო კუთხით. პრაქტიკულად ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის ძალიან მაღალი დონის დელეგაციაა ჩამოსული. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის მოვაწერეთ ხელი აშშ-სთან ამ მიმართულებით და ვმუშაობთ იმისათვის, რათა ჩვენი საგადასახადო სისტემა უფრო გამჭირვალე იყოს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოდ ის პირობები, რომელიც აქვთ დღეს წამყვან ქვეყნებს”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველო ჯერ-ჯერობით “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი არ არის, ამის მიზეზად ფინასთა მინისტრის მოადგილე გარკვეულ კრიტერიუმებს ასახელებს, რაც გიორგი თაბუაშვილის თქმით, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს. ფინანსთა სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ორგანიზაცია კარს უახლოეს მომავალში გაუღებს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ენმ-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა
შემდეგი სტატიასოჭში ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა