თბილისში ნაგავგადამამუშავებელ ქარხნას კომპანია ,,კა დე ვე ჯორჯია“ ააშენებს

თბილისის მერია დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 1 მარტს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა კომპანიამ. ინტერესთა გამოხატვის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ კომპანიას, რომელიც არ მოითხოვდა გადასახადს ნარჩენის გადამუშავებისათვის, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია (შპს ,,კა დე ვე ჯორჯია“, შპს GLOBAL GREEN ENERGY GROUP ).

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილე კომპანიებს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღეში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უნდა წარმოედგინათ დეტალური ბიზნეს გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც განიხილავდა შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური ბიზნეს გეგმა მოემზადებინათ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ (Deloitte, Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, KPMG). კომპანია Green Energy-მ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამასთან, ბიზნეს გეგმა არ იყო შესრულებული დედაქალაქის მერიის მოთხოვნის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ Green Energy-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერც იმას ადასტურებდა, თუ როგორ, რა ფინანსური წყაროებით შეძლებდა კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტირებას დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე კომპანიას კომისიამ არაერთხელ მიმართა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უწყებათაშორისმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე მეორე კომპანიას – ,,კა დე ვე ჯორჯია“-ს, რომელიც დედაქალაქში ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას განახორციელებს. ამ დროისათვის, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გადაგზავნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგლამენტის ნორმებში ტრენინგის გავლას ურჩევს
შემდეგი სტატია18 აპრილამდე საქართველოს უმეტეს რეგიონში წვიმაა მოსალოდნელი