27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

თბილისში მშენებლობისას ხეების ჭრის 25%-იანი შეზღუდვის წესი იცვლება – კანონპროექტი

თბილისის საზღვრებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება. შესაბამისი ცვლილებები „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში შედის.

დღეს მოქმედი კანონით, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს, სადაც ყველა ნარგავი ითვლება, მათ შორის არაჯანსაღი (გამხმარი, ფაუტი) ხეებიც.

კანონპროექტის მიხედვით, ვინაიდან არაჯანსაღი მწვანე ნარგავები ეკოლოგიურ წონასწორობაზე გავლენას არ ახდენს, მათი მიჩნევა ღირებულ ნარგავებად არასწორია. შესაბამისად.

ლიმიტის დაანგარიშებისას ტერიტორიაზე არსებული ნარგავების საერთო რაოდენობაში მხოლოდ ჯანსაღი ხეები ჩაითვლება.

გარკვეული სახეობის მწვანე ნარგავები 25%-იან შეზღუდვაში აღარ ჩაითვლება, რაც მესაკუთრეს უფლებას მისცემს, საჭირო რაოდენობის ხეები კანონით განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების გადახდის სანაცვლოდ მოჭრას.

ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება-ჩანაცვლების მიზნით, მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვის საკითხზე განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს.

„აღნიშნული ცვლილების საჭიროება განაპირობა პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა. ამგვარი მშენებლობებისთვის ხელშეწყობა კი მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სოციალური კეთილდღეობის დასაცავად,“ — ნათქვამია კანონპროექტში.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანი და “ჰეზბოლა” იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე
შემდეგი სტატიასააკაშვილი: პირადი ხასიათის კონფლიქტები დიქტატორის დაკვეთის შესრულებაა — იკამათეთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ რეჟიმი