თბილისში მომხდარი ავიაკატასტროფიდან, რა დროსაც სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრები დაიღუპნენ, 100 წელი გავიდა – ისტორიის ერთი დღე

1925 წლის 22 მარტს თბილისში აეროპლანის (თვითმფრინავის იმდროინდელი სახელი) კატასტროფის შედეგად სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (სსრკ 1936 წლის კონსტიტუციის მიღებამდე – სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო სრულიად საკავშირო საბჭოების ყრილობათა შუა პერიოდში) პრეზიდიუმის წევრები დაიღუპნენ.

სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმი 23 მარტს იუწყებოდა, , რომ წინადღეს დაიღუპნენ მიასნიკოვი, მოგილევსკი და ათარბეგოვი. აქედან ალექსანდრ მიასნიკოვი ცაკ-ის პრეზიდიუმის, ხოლო სოლომონ მოგილევსკი და გიორგი ათარბეგოვი ცაკ-ის წევრები იყვნენ. ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი თბილისიდან სოხუმისკენ მიფრინავდა, სადაც სახალხო საბჭოების ყრილობა იყო დაგეგმილი.

როგორც ცნობაშია აღნიშნული, აეროპლანი “იუნკერსი” დიდუბის აეროდრომის თავზე ჩამოვარდა. ციკ-ის წევრებთან ერთად დაიღუპა ორი პილოტი: შპილი და საგორაძე.

22, 23, 24 და 25 მარტი მთელი ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ასფსრ-ში შედიოდნენ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, იმ დროს ცალკე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი შედიოდა. ასფსრ-ის დედაქალაქი თბილისი იყო).

დაახლოებით 12 საათზე თბილისელი რკინიგზელების საფეხბურთო გუნდის წევრებმა, რომლებიც მოედანზე ვარჯიშობდნენ, 300 მეტრამდე სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავი შენიშნეს, რომლის მარცხენა ფრთას კვალად გასდევდა მუქი კვამლი. თვითმფრინავმა მკვეთრად შეიცვალა მიმართულება, თითქოს დასაშვებად მოემზადაო.

7-10 მეტრის სიმაღლიდან თვითმფრინავი პიკირებაზე წავიდა (ვერტიკალური ვარდნა). ამ დროს ფეხბურთელებმა შენიშნეს, რომ თვითმფრინავიდან ორი ადამიანი გადმოვარდა/გადმოხტა, ცოტა ხანში კი მათ მესამეც მიჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ესენი იყვნენ მოგილევსკი, ათარბეგოვი და პილოტი შმილი.

მიწაზე დავარდნას თვითმფრინავის ორი ავზის აფეთქება მოჰყვა. კაბინაში დარჩნენ და ცოცხლად დაიწვნენ მიასნიკოვი და პილოტის თანაშემწე საგორაძე…

ხმა ავიაკატასტროფის შესახებ მალევე გავრცელდა მთელ ქალაქში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ცენტრალური და ადგილობრივიო ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო ლენინის რაიონის მშრომელებს ეს სამწუხარო ამბავი ქარხნების საყვირების სამგლოვიარო ჟღერადობით აცნობეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა.

დაახლოებით სამ საათზე შემთხვევის ადგილიდან დაიძრა 5 კატაფალკი, მუშათა სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით. პროცესიამ ახლანდელი წერეთლის გამზირი გაიარა და მას უფრო დიდი კოლონა მუშთაიდის პარკთან შეუერთდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თვითმფრინავის ძრავა გამართული იყო, პიკირება არ იყო გამოწვეული თვითმფრინავის გაუმართაობით, ხოლო ხანძარი გაჩნდა მგზავრთა კაბინაში, რაც, სავარაუდოდ, მოწევის დროს ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით იყო გამოწვეული.

ამის შემდეგ ცეცხლი ჯერ მარცხენა ფრთისკენ, შემდეგ კი საწვავის ორი ავზის მიმართულებით გავრცელდა, თვითმფრინავმა დაკარგა მართვა და წავიდა პიკირებაზე, რამაც ავზების აფეთქება და ადამიანთა დაღუპვა გამოიწვია.

მოკლედ, საბჭოთა სისტემამ თვითმფრინავის გაუმართაობა კატეგორიულად გამორიცხა. ამით სსრკ-მ “იმპერიალისტურ პრესას” მოუჭრა ტექნიკურ გაუმართაობაზე აქცენტირების გზა და კატასტროფა ისევ და ისევ “ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობას”, ანუ უკვე დაღუპულ მისსავე ჩინოვნიკებს დააბრალა…

დაღუპულები 25 მარტს, დიდი სამგლოვიარო პროცესიით და რიტუალით დაკრძალეს, რომელიც საგანგებოდ შექმნილმა დამკრძალავმა კომისიამ შეიმუშავა.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) თურქეთში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა