თბილისში მიმდინარე სამუშაოების შესრულების ტემპს მერია განსაკუთრებული სიმკაცრით გააკონტროლებს

თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში იღებს.

“მოსახლეობას არ აინტერესებს ვინ არის შემსრულებელი, მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა აღებული აქვს ქალაქის არჩეულ მერს და იმ გუნდს, რომელიც არის ქალაქის მერთან ერთად”,- ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა „ბიზნესკონტაქტში“ განაცხადა.

“სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრიდან წელს განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება სამუშაოების შესრულების ტემპთან დაკავშირებით. ზედამხედველობის სამსახური და სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფებიან ადგილზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მე, როგორც ქალაქის მერს, მაქვს ოპერატიული ინფორმაცია. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულ ხიდზე, კონკრეტულ გზის მონაკვეთზე, სადაც მოულოდნელად ჩატარდა შემოწმება, რამდენი ადამიანი მუშაობს, როგორია ტემპი და ა.შ. ასევე მყისიერ რეაგირებას ვახდენთ მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე გაცემულ, საგარანტიო ვადების ცვლილებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარანტიო ვადა სამ წლამდე გაიზარდა.

„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, საგზაო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით კონტრაქტებში მხოლოდ ერთწლიანი გარანტია იდებოდა. თუ გზა გაფუჭდებოდა, ერთი წლის შემდეგ, ზიანი მუნიციპალიტეტს უნდა აენაზღაურებინა, უნდა დაექირავებინა ახალი კომპანია და მოეგვარებინა საკითხი. სახელშეკრულებო საგარანტიო ვადა ჩვენ გავზარდეთ სამ წლამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ვალდებულია სამი წლის განმავლობაში მის მიერ შერულებულ საგზაო სამუშაოს შედეგად გაჩენილი დეფექტი აღმოფხვრას თავისი ხარჯებით. შესაბამისად, კარგი გაგებით, ჩვენ იძულებული გავხადეთ ეს კომპანიები უფრო ხარისხიანად შეასრულონ სამუშაოები, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ არ მოუწიოთ დამატებით ხარჯის გაწევა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, მერია განსაკუთრებულ აქცენტს სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე აკეთებს. მერმა აღნიშნა, რომ ხარისხიანად და ახლებური მიდგომით გაკეთდა წყნეთი-ბაგების დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის გარშემო გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი, თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი პანდუსი და ა.შ.

banner
წინა სტატიაში,,თელავის თემის გამგებელზე პრემია მარტო იმიტომ გაიცემა რომ მას 8 მარტს აქვს დაბადების დღე”
შემდეგი სტატია“სოციალური აფეთქების ზღვარზეც კი შეიძლება მივიდეთ,”-უჩა ნანუაშვილი მეშახტეების პროტესტზე საუბრობს