თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებზე დახმარებების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

დღეიდან მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს.

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმა აქციაში აქტიური ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს, ბიზნესსექტორსა და მოხალისეებს.

“ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ დავეხმაროთ ყველა იმ ოჯახს და ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. დღეს საკვები პროდუქტები წითელი ჯვრის მიერ იქნა შემოტანილი. მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მათ ძალიან დიდი მადლობას ვუხდი. დღეიდან დაიწყება ამ პროდუქტების მიტანა შესაბამის ოჯახებში. საკვები პროდუქტების გარდა წითელმა ჯვარმა წარმოადგინა პირბადეები, რაც ამავე ოჯახებს დაურიგდებათ საჩუქრად. ასევე, კომპანია „სეზანმა“ 5000 ცალი სახის დამცავი ფარი მოგვაწოდა. დიდ მადლობას ვუხდი სამშენებლო კომპანია „ანაგს“, რომელმაც ჩვენ მიერ შედგენილი სიით წარმოადგინა არამალფუჭებადი პროდუქტები. ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოხალისეები დღეიდან დაიწყებენ კონკრეტულ ოჯახებში ამ ნობათები მიტანას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს, განსაკუთრებული მადლობა კი ვუთხრა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან ბევრი პროდუქტი შეუგროვეს გასაჭირში მყოფ ადამიანებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ამ პროდუქტის ადრესატებამდე მიტანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის პროცესი, პირველი ეტაპის მსგავსად, სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

ამ დროისთვის, კამპანიის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ 1500-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გაეწია.

banner
წინა სტატიაშივანის მუნიციპალიტეტში საკონტროლო ბლოკ-პოსტები გაუქმდება
შემდეგი სტატიაივანე მაჭავარიანმა პენსიების სამომავლო ზრდის წესი დაასახელა