თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

კორეის რესპუბლიკის სახელით გამართულ საღამოზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ახლადდანიშნულმა ელჩმა კიმ ჩან გიუმ მიმართა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის ორმხრივი ვაჭრობის მზარდი ტენდენცია გაჩნდა. გაიზარდა ინვესტიციების მოცულობაც, რასაც კორეული კომპანია K-water-ის ნენსკრას პროექტში მონაწილეობაც ადასტურებს. მინისტრმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, კოიკას მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების ტექნიკური აღჭურვისა და სასწავლო პროგრამების დაფინანსებაში შეტანილი წვლილი.

საზეიმო მიღებაზე კორეიდან მოწვეულმა მუსიკოსებმა ფოლკლორულ ინსტრუმენტებზე კორეული ხალხური მუსიკა შეასრულეს, რის შემდეგაც პოპულარული ქართული მელოდიები დაუკრეს.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს სასაფლაოზე დაჭრილი 2 პირიდან ერთი პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს
შემდეგი სტატია“პრეზიდენტი ელისაშვილს დაცვას ალბათ, ჩემგან და ბესელიასგან დასაცავად სთავაზობს”