თბილისში კაცი მოკლეს, შემდეგ სახლს ბენზინი შეასხეს და დაწვეს

თემქაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. გარდაცვლილი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბინაში მყოფმა ერთ-ერთმა სტუმარმა ერთი ადამიანი დაჭრა, ერთი კი მოკლა.

მეზობლები აცხადებენ, რომ დაჭრილი ბინის მეპატრონეა, რომელმაც სახლიდან გაქცევა მოახერხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ცეცხლი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.ნ. განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან – 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან – 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ჩხუბი ბრალდებულ ნ.ნ.-სა და მ.მ.ს-ს შორის დაიწყო, რის შემდეგაც დამნაშავემ მ.მ-ს და ბინის მეპატრონეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

შსს-ს ცნობით, დამნაშავის თანმხლებმა გოგონამ – 1999 წელს დაბადებულმა ა.უ.-მ მომხდარი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა, რის გამოც პოლიციამ იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ბინის მეპატრონე სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, პირი, რომლის სახლშიც მკვლელობა მოხდა, თავადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს