21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული

თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ გახშირებული შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო დღეებში ნოროვირუსით ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებები დატოვა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევები გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე მეთვალყურეობა გრძელდება და გართულებების დამატებითი რისკი არ იკვეთება.

დაავადების გავრცელების შეკავების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას ხელების ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა ოჯახის წევრებს ან ახლო კონტაქტებს ნოროვირუსით გამოწვეული დაავადება ჰქონდათ.

ნოროვირუსის დროს მნიშვნელოვანია ორგანიზმის სათანადო ჰიდრატაცია და დაკარგული სითხის აღდგენა. ასევე რეკომენდებულია კვების რეჟიმის დაცვა — მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების ამოღება.

დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას
შემდეგი სტატიამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს