თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება

თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული სპორტსმენის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ, დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარემ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონისა და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენის, მძლეოსან ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სპორტსმენის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

„ძალიან დიდია ვიქტორ სანეევის დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან არაერთხელ ასახელა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა საქართველო. სწორედ ამიტომ, გვსურს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ვიქტორ სანეევის სახელი მივანიჭოთ. ვუსამძიმრებ სპორტსმენის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს ამ დანაკარგს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს წევრებმა ვლადიმერ ბოჟაძემ და ავთანდილ ცინცაძემ მიაგეს.
სამძიმრის წიგნი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურ მუზეუმში დღეს გაიხსნა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალება აქვს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთოს და თანაგრძნობა გამოუცხადოს ვიქტორ სანეევის ოჯახის წევრებს.
ლეგენდარული სპორტსმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხვალ სიდნეიში დაკრძალავენ. ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

banner
წინა სტატიაშიღამის კლუბები ისევ დაიხურება
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს