თბილისში ელექტრომობილების პარკირება შესაძლოა, უფასო გახდეს

თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა.

დასამუხტი სადგურების თბილისში განთავსების პროექტი კომპანია E –Space-ის ინიციატივითა და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

ევროპის მოედანზე ელექტრომობილების დასამუხტი სადგური თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და E –Space-ის წარმომადგენლებმა გახსნეს.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ტერიტორია კომპანია E –Space-სს უსასყიდლოდ გადასცა.

მისივე თქმით, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს.

როგორც ლექვინაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობა კომპანია „სითი პარკთანაც“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს.

„დღეს თბილისის ტერიტორიაზე, ორ ლოკაციაზე გაიხსნა ელექტრომობილებისთვის დასამუხტი სადგურები, სადაც ელექტრომობილების მფლობელები მანქანის დამუხტვას უსასყიდლოდ შეძლებენ. თბილისის მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიის ინიციატივით განხორციელდა. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივებს ყველა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან, რადგანაც თბილისის მომავალი ეს არის უკეთესი გარემო და უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ჩვენ ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს. გარდა ამისა, მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით აქტიურ ჩანაცვლებაზე“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანებსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.

banner
წინა სტატიაში“კოპიტნარის” ხიდიდან მიკროავტობუსი გადავარდა
შემდეგი სტატიაავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ – ცეცხლი სიდნეის უახლოვდება