თბილისში დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ჩუღურეთის რაიონში, და-ძმის დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

როგორც “თაიმერს” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, ღონისძიებას კულტურისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ოჯახის წევრები და ახლობლები, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ქუჩის მცხოვრებლები და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, სიმბოლურია, რომ დღეს ქართული ენის დღის აღნიშვნასთან ერთად, მწერლების დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

„მათი მოღვაწეობა ქართული სახელმწიფო ინტერესების ენისა და ღირებულებების დაცვის ნათელი დადასტურებაა. საამაყოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ ისეთ კეთილშობილურ საქმეში, რასაც ჩვენი ღირსეული მამულიშვილების ღვაწლის დაფასება ჰქვია,“-განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა, პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ, ასევე მწერლებმა და პუბლიცისტებმა: ვანო ჯაფარიძემ, თამარ შაიშმელაშვილმა, ზაალ ბოტკოველმა, მარი წიკლაურმა, ირმა მალაციძემ და თემურ ჩალაბაშვილმა.

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია იყო საბავშვო მწერალი, პროზაიკოსი, საზოგადო მოღვაწე. დაჯილდოებულია, როგორც სახელმწიფო ასევე ლიტერატურული (სულხან საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის და შიო მღვიმელის) სახელობის პრემიებით. მისი ძმა, კოტე ხიმშიაშვილი კი – მწერალი, ავტორი გახმაურებული რომანისა „ჯონქა-ხორნაული“ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, დახვრეტილია საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიწყლის ჭავლის მანქანები, სპეცრაზმი, რკინის ბარიკადები და საბურავები- ვითარება რიონის ხეობაში
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი – მივესალმებით, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყო „ქართულ ოცნებას“