თბილისში ამბასადორიალი გაიმართება

26-29 ივლისს, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, ამბასადორიალი გაიმართება.

ამბასადორიალის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ და მომავალი წლის სამუშაო გეგმებს დასახავენ.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საგანგებო დავალებათა ელჩები.

ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდეგ ამბასადორიალი სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. სესიებზე მომხსენებლის სტატუსით, მოწვეულნი არიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამბასადორიალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პიტერ სიიარტო და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სუჯატა მეჰტასი.

წელს პირველად, ამბასადორიალის ფარგლებში გაიმართება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან. ელჩებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ასევე სპეციალურ პრეზენტაციას გამართავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ქალაქ ანსბახში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში დღეს ზურაბ ჯამალაშვილის პროცესია ჩანიშნული