თბილისში ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან ივლიან

თბილისს სექტემბრიდან ახალი ავტობუსები ეყოლება.
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანაში იმყოფებოდა. როგორც 2030-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, თბილისის მერი პირადად გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისში ივლიან.

პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანა 150.000 მ2 ფართობზეა განთავსებული და 1998 წელს დაფუძნებულ საწარმოში, ძირითადად, CNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი საქალაქო ავტობუსები ეწყობა.

CNG-ი საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა.

ამასთან, მძღოლებს, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალბატონი იქნება.

ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა. თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4-წლიანი გეგმა აქვს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ჟურნალისტებს – ერთი თვე პარლამენტი არ იმუშავებს, გაინტერესებთ ხელფასს მივიღებთ თუ არა? – დიახ, მივიღებთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და გრძელვადიანი გამოსავლის ძიება