თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ დღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ იხსნება. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით ხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

2017 წლის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოდის 34 ოფიციალური დელეგაცია, 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები, რამდენიმე ქვეყნის ვიცე-პრემიერები, სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ა.შ.) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმში“ ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები, კერძოდ, ბიზნესსექტორის 1100 წარმომადგენელი, მათ შორის 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ტარდება.

2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის „აბრეშუმის ფორუმის“ გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო და ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ხელი მოეწერება რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, მათ შორის: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ციენ ქემინგი ხელს მოაწერენ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობას და სამრეწველო კლასტერებისგაძლიერებას.

ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და ბაქოს საზღვაო ნავსადგურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ამით სამხრეთ კავკასიის ორი უდიდესი პორტი ერთმანეთს დაუკავშირდება. ასევე, ხელი მოეწერება მემორანდუმს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს (GIG) და საპარტნიორო ფონდს შორის გარდაბნის 300 მგვტ-იანი სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტის განხორციელების პროცესში ჩინური კონცერნის „See Power“-ის მონაწილეობის შესახებ.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში 28-29 ნოემბერს ათი პანელი გაიმართება:

– „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ (მისასალმებელი პანელი);

– „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივების ფარგლებში“ (2 სესია – ვაჭრობის ხელშეწყობა; ელექტრონული ვაჭრობა);

– „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა”;

– „რეგიონთაშორისი შესაძლებლობები ენერგეტიკის მიმართულებით“;

– „ციფრული კავშირი“;

– „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“;

– „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ (2 სესია – საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები; საქართველო – რეგიონალური საზღვარი გლობალური ინვესტიციებისათვის);

– „CAREC 2030: რეგიონის დაკავშირება საერთო და მდგრადი განვითარებისთვის“.

ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილ პანელებს მოდერატორობას გაუწევენ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები და ჟურნალისტები: მერილენდის უნივერსიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ანილ გუფთა, Reuters-ის მთავარი რედაქტორი აქსელ თრელფოლი, BBC World News ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი, E. Treanor Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ეითნი თრინორი, Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ს მრჩეველი მეთიუ ორსმენი, Deutsche Welle TV-ს მთავარი პოლიტიკური კორესპონდენტი მელინდა კრეინი, ცნობილი მედიაკონსულტანტი იან ბიურელი და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული თანამშრომლობისა და ოპერაციების კოორდინაციის განყოფილების დირექტორი საფდარპარვეზი.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ 100-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს – როგორც ქართული, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: Euronews, BBC, Bloomberg, Deutsche Welle, The Economist, Al Jazeera, The Guardian და ა.შ.

ფორუმი ორ დღეს გასტანს.

banner
წინა სტატიაშიმმართველმა გუნდმა ევა გოცირიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელა
შემდეგი სტატია“საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში”