თბილისში 7 ახალი მარშრუტი ამოქმედდება, რამდენიმე კი შეიცვლება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა.
მისი განაცხადებით, დედაქალაქში არის ქუჩები, სადაც ავტობუსები საერთოდ არ მოძრაობენ, ან ხშირ შემთხვევაში, მოცდის ინტერვალი ძალიან დიდია.

თბილისის მერის თქმით, ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებებით, აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ კი, საბოლოოდ მოგვარდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები. კარგად გვაქვს გააზრებული და ვიცით თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. შესაბამისად, გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს. დღეს განვიხილავთ ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის პროექტს. გვაქვს კონკრეტული რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. არის ქუჩები, სადაც საერთოდ არ მოძრაობს ავტობუსები, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია მოცდის ინტერვალი. როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ და პარკი შეიცვლება, ეს პრობლემა მთელი ქალაქის მასშტაბით მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს ავტობუსების მარშრუტების ცვლილებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირება დაავალა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ცვლილებებისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა.

ცვლილებების თანახმად, ამოქმედდება შვიდი ახალი მარშრუტი, შეიცვლება ხუთი მარშრუტი, 13 მარშრუტს დაემატება ავტობუსები, ხოლო სამ მარშრუტზე საშუალო ტევადობის ავტობუსები დიდი ტევადობის ავტობუსებით ჩანაცვლდება.

banner
წინა სტატიაშითბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 12:00 საათზე იწყება
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს