თბილისში, 17 ქუჩაზე, საღამოს საათებში სადისტრიბუციო მანქანების გაჩერება შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისში, 17 ქუჩაზე საღამოს საათებში სადისტრიბუციო კომპანიების მანქანების დგომა და გაჩერება შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ დამსაქმებელთა ასოციაციასთან და 26-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელთან მემორანდუმი გააფორმა. მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინიციატივით მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე საცდელ რეგულირებას იწყებს.

სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას დედაქალაქის მერი და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდნენ.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, 17 ქუჩაზე 17.00-დან 20.00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება. ნარმანიას თქმით, აღნიშნული შეზღუდვით ქალაქის გადატვირთულ ქუჩებზე სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით წესრიგი დამყარდება.

“ვიწრო და ისედაც გადატვირთულ ქუჩებზე სადისტრიბუციო მანქანების შესვლა დამატებით სირთულეებს ქმნის”, – აღნიშნა მერმა.

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა დისტრიბუციის მიზნით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე: აბაშიძე, ფალიაშვილის, ბარნოვის, დოლიძის, ცინცაძის, ნუცუბიძის, შარტავას, კოსტავას, პეკინის, გამსახურდიას, მარჯანიშვილის, აღმაშენებლის გამზირის, ჯავახეთის, ხიზანიშვილის (მეტრო ახმეტელის მეორე მხარე), ლესელიძის, ლეონიძის და ასათიანის ქუჩები.

თავის მხრივ, დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მათ წინასწარ კონსულტაციები და შეხვედრები ჰქონდათ 250-მდე სადისტრიბუციო კომპანიასთან და ამ პროცესში სხვა სადისტრიბუციო კომპანიებიც შემდგომ ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

“ეს არის ერთგვარი ჯენტლმენური შეთანხმება, სადაც ყველა მხარე ნებაყოფლობით იღებს პასუხისმგებლობას დროის გარკვეულ მონაკვეთში დედაქალაქში რამდენიმე გადატვირთულ ქუჩაზე განახორციელოს სადისტრიბუციო საქმიანობა. აქ არის საუბარი სადისტრიბუციო მანქანების დგომასა და გაჩერებაზე და არა გადაადგილებაზე. ჩვენი აზრით, ეს რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “საქართველოს ბიზნესასოციაციის” წარმომადგენელმა ნიკა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი “მრეწველებთან” დაპირისპირებაზე – ამ პრობლემას ადეკვატურად მოევლება
შემდეგი სტატია,,პატიმარი აცხადებს, რომ ელისაშვილმა მის ადვოკატს დადებითი რეკომენდაციის სანაცვლოდ 50 ათასი ლარი მოსთხოვა”