თბილისში „1000 მშობლის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, “1000 მშობლის მარში” მიმდინარეობს, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდება.

კამპანია #მომისმინე #პროტესტის100დღე ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს და და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.

“1000 მშობლის მარშში” მონაწილეების თქმით, მათი მიზანია სახელმწიფოს საჯაროდ გააგებინონ მათი მთავარი მოთხოვნები.

აქციაზე იმყოფებიან “ლელოს” წარმომადგენლებიც, როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, მარში აპოლიტიკურია.

“ეს არის ათასი მშობლის მარში, რომელსაც “ლელო” უერთდება, ეს აპოლიტიკური აქციაა, რომელსაც ყველა უნდა შეუერთდეს, ვისაც შვილების უსაფრთხოება აღელვებს.

ამ მარშის და აქციის იდეა დაიბადა ქობულეთში, 14 წლის გოგონას სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ, ეს ბავშვი ისევე, როგორც ბევრი სხვა ბავშვი, გახდა ძალადობის მსხვერპლი. არცერთმა სახელმწიფო უწყებამ არ შეასრულა ის, რაც კანონით ევალებოდათ, ” – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ამასთან, როგორც “ქალთა მოძრაობის“ წევრი ბაია პატარაია აცხადებს, საჭიროა ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რათა ყველა ქალი და ბავშვი გაუპატიურებისგან იყოს დაცული.

“სქესობრივი ძალადობა ფარული და ძალიან მძიმე დანაშაულია, რომელსაც ხშირად პატარა ბავშვები ჰყავს მსხვერპლად. ამ ქვეყანაში ვერ ვახერხებთ მსხვერპლის დაცვას, მაშინაც კი როდესაც დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის ცნობილი ხდება. ჩვენ ფუნდამენტური რეფორმების გატარებას ვითხოვთ, რათა ყველა ქალი და ბავშვი დაცული იყოს გაუპატიურებისგან”,-აცხადებს ბაია პატარაია.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს. ამასთან ითხოვენ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდას, სქესობრივი განათლების ფორმალური განათლების ნაწილად შეტანას.

#მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანიაა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. თბილისის პარალელურად, აქცია “1000 მშობლის მარში” მიმდინარეობს რეგიონებშიც.

banner
წინა სტატიაშივოლსკი ჩანაწერებზე – დაავალეს მაშინ, ეგინებინათ პატარა ბერა და როგორმე წყობიდან გამოეყვანათ
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი ჩანაწერზე – გამოძიება, რომ უნდა დაიწყოს, ცალსახაა