საქართველოსა და პოლონეთის სამართალდამცავებმა თბილისსა და ბათუმში ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ამხილეს. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა დამიან მაზურიმ განაცხადა.
როგორც მაზურიმ აღნიშნა, ლოძის საოლქო პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებულმა ღონისძიებამ ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწია.
„გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ გენერალურ პროკურატურას თბილისში, ბათუმის საოლქო პროკურატურას, საქართველოს პოლიციას და ყველა ოფიცერს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილზე ჩატარებულ ოპერაციაში. გმადლობთ თქვენი პროფესიონალური მიდგომისთვის და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. მიღებული შედეგები მოგვცემს შესაძლებლობას, საქმე შემდგომშიც გავაგრძელოთ“, — განაცხადა მან.















