თბილისის მერია „თბილისობა 2026-ის“ სადღესასწაულო ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისთვის 3 114 727 ლარის ოდენობის შესყიდვას ახორციელებს. დედაქალაქის მთავარი დღესასწაული 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.
გამოყოფილი ბიუჯეტით გათვალისწინებულია სხვადასხვა ინვენტარისა და მომსახურების შესყიდვა, მათ შორის: ავეჯი (დახლები, მაგიდები, სკამები), გასართობი, კინო და ვიდეომომსახურება, თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრებისა და ესტრადის ვარსკვლავების მომსახურება, ასევე ბაზრობებისა და გამოფენების ორგანიზება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყობა თემატური დეკორაციები, მოსასვენებელი და კულინარიული ზონები, საბავშვო და საღამოს კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ხელნაკეთი ნივთებისა და ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღესასწაულის ფარგლებში ასევე გაიმართება საზეიმო კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
შესყიდვების შეზღუდულ ვადებში განხორციელებასთან დაკავშირებით მერიაში განმარტავენ, რომ ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესის წინასწარ დაგეგმვა შეუძლებელი იყო.
„დაგეგმილ აქტივობათა მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს საავტორო და ინდივიდუალურ შემოქმედებით ნამუშევრებს, რომელთა შინაარსი, მხატვრული გადაწყვეტა და განხორციელების ფორმა ყალიბდება შემოქმედებითი პროცესისა და შესაბამის სფეროში მოქმედ კვალიფიციურ შემსრულებლებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად. აღნიშნული პროცესი მოითხოვს პროგრამის, მონაწილეთა შემადგენლობისა და ტექნიკური გადაწყვეტების ეტაპობრივ დაზუსტებას, რაც შეუძლებელს ხდის შესყიდვის ყველა არსებითი პირობის წინასწარ განსაზღვრასა და დაგეგმვას“, — აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.














