„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 25, 2019 12:34

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება

მიმდინარე წელს „თბილისობის“ დღესასწაული 5-6 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ორი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსე პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

„გვაქვს რამდენიმე ლოკაცია, ეს არის რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე. მათ შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები. კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები, ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები. ორბელიანის ღია ბაზარი, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები, მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი და სხვა საინტერესო ღონისძიებები გვექნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ლეღვთახევში მოეწყობა მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას, ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

„მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომობილების გამოფენა, ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის, 5 ოქტომბერს 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება გვექნება და გაიმართება ასევე გალა-კონცერტი „მე ვარ თბილისი“. 6 ოქტომბერს 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება „მოარე“. ეს არის აკრობატიკის საჰაერო შოუ როკ-მუსიკის თანხლებით და ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა იქნება. ასე რომ, ვეპატიჟები თბილისელებს, და არა მარტო თბილისელებს, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად გავატაროთ ეს ორი საინტერესო დღე 5-6 ოქტომბერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისს ეყოლება ძალიან ბევრი სტუმარი.

„დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ მაღალ დონეზე იქნება ორგანიზებული ეს ორი დღე და საკმაოდ ნასიამოვნები დარჩება ყველა ადამიანი, ვინც გვეწვევა და იქნება ჩვენთან ერთად თბილისობის აღსანიშნავად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 25, 2019 12:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,506
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics