თბილისის ზოოპარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა

ქართველმა ახალგაზრდებმა ზოოპარკის დასახმარებლად ინტერნეტ კამპანია დაიწყეს

თბილისის ზოოლოგიურ პარკს 11 ახალი ცხოველი შეემატა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზოოპარკს საფრანგეთის ოვერნეს ზოოპარკმა საჩუქრად 9 ბერბერული მაკაკა და 2 ემუ გამოუგზავნა. ცხოველები გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

ვოლიერებში განთავსებული ახალი ბინადრების სანახავად, დღეს, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

წელს თბილისის ზოოპარკმა ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად, ჯამში, 70-ზე მეტი ცხოველი მიიღო. უახლოეს მომავალში იგეგმება ბენეტას ვალაბების (საშუალო ზომის კენგურუ), აფრიკული პინგვინების, დაბლობის ტაპირებისა და ფაფრიანი ცხვრების ჩამოყვანა.

თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ზოოპარკის ცხოველების კოლექციის განახლების გეგმა EAZA-ს მენტორთან, მარიო ჰოდემეკერთან ერთად მომზადდა _ შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

ზოოპარკის სტუმრებს ახალი ცხოველების ნახვა დღეიდან შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო სააკაშვილის გადადგომის განცხადებას მთავრობისგან შესაბამისი წარდგენის შემდეგ მოაწერს ხელს
შემდეგი სტატიაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს