თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კიდევ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხ ბექაია აცხადებს, რომ ამჟამად კლინიკაში 45 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში 40 პაციენტის ანალიზები გააგზავნეს და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

„თბილისის ზღვის ცხელების ცენტრში ამჟამად 45 პაციენტია. 40 პაციენტის ანალიზები იქნა გაგზავნილი ლუგარის ცენტრში, მათგან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. პაციენტთა გადაყვანა შესაბამის პროფილურ კლინიკებში დაწყებულია“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ და დასძინა, რომ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა არც იმ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

„რაც შეეხება მძიმე პაციენტს, რომელზეც ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, არც მას დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ის უკვე გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში და მართვით სუნთქვაზე რჩება“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ და დასძინა, რომ კლინიკაში მყოფი ახალი პაციენტების ანალიზების პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო
შემდეგი სტატიახელისუფლების მიერ დაწესებულ კომუნალურ შეღავათებზე მარტის თვეში უარი 3 534-მა ადამიანმა განაცხადა