თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100-პროცენტიან მატებას მოითხოვენ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100-პროცენტიან მატებას მოითხოვენ. ისინი პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წინ შეიკრიბნენ.

გარდა ამისა, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, უკვე ერთი თვეა, მოეხსნათ დანამატი, რომელსაც სახელმწიფო კოვიდპროგრამის გათვალისწინებით გასცემდა. მათივე თქმით, გამოძახებების სტატისტიკა არ შემცირებულა და დანამატის მოხსნა, უსამართლო გადაწყვეტილებაა.

სასწრაფოს თანამშრომლების განცხადებით, აქციის გამართვამდე მათ შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან, რომელთა მხრიდან მიიღეს დაპირება ღირსეული პირობების შექმნის შესახებ, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ფინანსური კუთხით არაფერი შეცვლილა.

ამასთან, აქციაზე სასწრაფოს თანამშრომლებმა პროფკავშირებთან თანამშრომლობით, ხელფასების მატებასთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელსაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნიან.

„თბილისში თითო მორიგეობაზე ბრიგადის უფროსი ექიმის ხელფასი -180 ლარი, უმცროსი ექიმის – 140 ლარი, მძღოლის კი 105 ლარია. რეგიონებშიც იგივე ანაზღაურებაა. 50 პროცენტი იყო დანამატი. გავიგეთ, რომ აპრილის თვის დანამტი აღარ გაიცემოდა, რამაც პროტესტი გამოიწვია. 16 მაისს შედგა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. შეგვპირდნენ, რომ ერთ კვირაში მოგვეწოდებოდა დოკუმენტი, სადაც ექიმების ღირსეული ხელფასი იქნებოდა ასახული. 24 მაისს შეიკრიბნენ ცენტრის ადმინისტრაცია და დასაქმებულები. არანაირი ხელფასის მატებაზე საუბარი არ არის. გადაწყვიტეს, თორმეტსაათიანი გრაფიკები 24-საათიანი მორიგეობების მაგივრად, რაც განპირობებულია იმით, რომ თუ გამოძახებები არ იქნება, სავარაუდოდ აპირებენ ბრიგადების შემცირებას და ამის ხარჯზე ხელფასების გაზრდას, რაზეც ჩვენ კატეგორიულ უარზე ვართ. თორმეტსაათიანი გრაფიკი არაერთხელ იქნა შემოთავაზებული და ამ გრაფიკმა სასწრაფოში არ გაამართლა“, – განაცახდა სასწრაფოს ერთ-ერთმა ექიმმა.

სამედიცინო დახმარების თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, რომ პერმანენტული აქციები გამართონ. მათ მორიგი აქცია სამშაბათს, 12:00 საათისთვის ჯანდაცვის სამინისტროსთან დააანონსეს.

banner
წინა სტატიაშითამარ ტალიაშვილი ოპოზიციას: მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი
შემდეგი სტატიასაქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, ოპოზიციაში არიან კრიმინალები – კობახიძე