თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე დასასწრებად გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს სხდომათა დარბაზში არ უშვებენ. ადგილზე მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საელჩოს წარმომადგენელს ეუბნებიან, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პროცესი უკვე დაიწყო, ამიტომ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას ვერ მისცემენ.

პოლიციამ ზურა ჯაფარიძის მხარდასაჭერად მისული მოქალაქე ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. კადრებში ჩანს, როგორ შემოახიეს პირს ტანსაცმელი და ათრიეს ტროტუარზე.

კითხვაზე, დააკავეს თუ არა ვინმე, პოლიციელის პასუხი იყო — “არავინ დაგვიკავებია, გაარიდეს ტერიტორიას”.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, დღეს გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.

დღევანდელ პროცესზე მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს, ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნული თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. თუ ეს ასე მოხდება, ჯაფარიძეს სხდომათა დარბაზში დააკავებენ.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიბუღაძე: ზურა სერიოზული მოვლენაა და ეს იქნება, ფაქტობრივად, სასიკვდილო ლურსმნის დაჭედება ქოცების პოლიტიკურ კუბოზე
შემდეგი სტატიაუშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა