თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, საპროტესტო აქციის 6 მონაწილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა იგეგმება. სახელმწიფო ბრალდება მათ გზისა და ტროტუარის ე.წ. გადაკეტვას ედავება.
2 მოქალაქის პროცესი დღის 11:00 საათზე გაიხსნა. ერთ-ერთი მათგანი ლალი კეკუაა, რომელსაც ბრალდება 7 თებერვალს, შაბათის მარშის შემდეგ გზის გადაკეტვაზე წარუდგინეს.
“ამ კანონებით შეუძლებელია ცხოვრება, ვერანაირი მოლოდინი ვერ გექნება, ვერანაირ პროგნოზს ვერ გააკეთებ იმიტომ, რომ ეს კანონები არის არაკონსტიტუციური და მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენი ხმა ჩაახშოს და გაგვაჩუმოს როგორც პროტესტის კერა. ტროტუარი იქნება, ქუჩა იქნება, სახლებიდანაც აიყვანენ ძალიან ჩვეულებრივად, ისეთ კანონებს ვიღებთ, რომ შეუძლებელია და შესაბამისად არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ სასამართლოსგან.
მარშის შემდგომი გადაკეტვისას ქუჩაზე დგომა არის დანაშაული, ანუ პროტესტის გამოხატვა არის დანაშაული ამ ქვეყანაში რეალურად უკვე ნებისმიერი სახით. 7 თებერვლის, შაბათის მარშის შემდგომი გადაკეტვა იყო, ქუჩა იყო გადაკეტილი ვიდექით და ახლა რამდენიმე ადამიანი ვართ დაბარებული ამაზე,” – ამბობს ლალი კეკუა.

















