თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას ავრცელებს

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია – სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე.

ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა. დროებითმა მმართველებმა – დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს – ყოფილ მენეჯმენტს. აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპენსიების ზრდასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრს პასუხი არ აქვს
შემდეგი სტატია,,ამ განჩინებით დვალი განარიდეს პროცესებს და ვულოცავ, იქნებ გადარჩეს”