თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობა ბულაჩაურის ქუჩაზე სრული დატვირთვით ამოქმედდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ბულაჩაურის ქუჩაზე (პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე შენობა ექსპლუატაციაში შევიდა და სრული დატვირთვით ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამიერიდან, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ნაწილი, კერძოდ კი საოჯახო და სამემკვიდრეო დავების განმხილველი ხუთი მოსამართლე და უდავო წარმოების განმხილველი ხუთი მაგისტრი უფლებამოსილებას სასამართლოს ახალ შენობაში განახორციელებენ.

“აქვე გაცნობებთ, რომ სარჩელების, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებების და სხვა პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტების მიღება განხორციელდება მხოლოდ დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალური შენობის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში, ხოლო სხვა განცხადებები (მოსამართლეების და მაგისტრების წარმოებაში არსებულ საქმეებზე) მიიღება თბილისის საქალაქო სასამართლოს ორივე შენობაში. ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალ შენობაში მოეწყო და აღიჭურვა არასრულწლოვნებთან შეხვედრების სპეციალიზებული ოთახი, სადაც საოჯახო დავების განხილვისას მოსამართლე, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან გასაუბრებას მათი ასაკის შესაბამის გარემოში მოახდენენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესაბამისად, რომელიც 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა, გამოძიების ეტაპზე მოწმეთა დაკითხვა-გამოკითხვამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შენობაში (აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, N6) გადაინაცვლა.

2016 წლის 12 ივლისს 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განტვირთვის მიზნით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სიახლეებსა და ბულაჩაურის ქუჩაზე (პეკინის 29, ბულაჩაურის 7ა) მდებარე სასამართლოს შენობაში შემადგენლობების გადანაწილება-გადაადგილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დავალიანება სულ უფრო სწარფი ტემპით იმატებს”
შემდეგი სტატიათურქეთში მოზარდმა სამი პოლიციელი მოკლა