თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების – ზურაბ ბაქრაძის, თეიმურაზ კალანდაძისა და ასოციაცია – “მწვანე ალტერნატივას” სარჩელი, ქ. თბილისის მერიის, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და საქმეში მესამე პირებად ჩართული შპს “გრაალისა” და შპს “ტიფლის კოსტავას” მიმართ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” სასამართლოდან აცნობეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის განკარგულება, თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემისა და ქალაქთმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის შესახებ და ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ორივე ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ის განკარგულებები, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ, საუბარია სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზე, რომლის შეჩერების მოთხოვნით, მასშტაბური აქციები იმართებოდა.

სასამართლო განმარტავს, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილებით, მან ეს უფლებამოსილება უნდა განხორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მოხდა გადაწყვეტილების დასაბუთება, არ გამოკვლეულა მშენებლობის შესაძლო ნეგატიური ფაქტორები იქ არსებულ რეკრეაციულ გარემოზე და არ შეფასებულა საჯარო ინტერესი.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქუჩებს სახელებს უცვლიან: კალინინი კალინოვა გახდა, ლენინი-ლენონი