საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თბილისის სამხრეთ შემოსასვლელის ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ხარჯთეფექტიანობის შეფასება, ალტერნატივების შემუშავება და შერჩეული მარშრუტების ანალიზი.
ამასთანავე, მომსახურების შედეგად უნდა დადგინდეს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზანშეწონილობა და გამოვლენილი ალტერნატივებიდან თბილისის სამხრეთით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობისთვის პრიორიტეტული მარშრუტის შერჩევა.
„პროექტის მთავარი მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ალტერნატივების შემუშავებისა და მათი ანალიზის გზით, რათა დადგინდეს პროექტის მიზანშეწონილობა და მომდევნო ეტაპზე – დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე – გადასვლის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე არსებულ დოკუმენტებში.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციის მომზადების ვადა 12 თვეს შეადგენს. დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 17 აპრილის 18:00 საათისა.
















