თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად 16 იანვარს გაიყოფა

news
ავტ.: news იანვარი 13, 2017 20:58

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად 16 იანვარს გაიყოფა

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი ფრაქცია იქნება წარმოდგენილი.

მეორე ფრაქცია კი, უგულავა-ბოკერიას მხარდამჭერებით დაკომპლექტდება.

ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და მასთან ერთად მარინა დათუკიშვილი და თემურ გრიგალაშვილი იქნებიან.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაერქმევა გამოყოფილ ფრაქციას, რომელშიც მამუკა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, დავით ავალიანი და თამაზ შიოშვილი გაერთიანდებიან.

„აქ მყოფი ადამიანები ვაცნობიერებთ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი ბრძოლის მიზანი არის ერთი – ეს არის თბილისის კეთილდღეობა.
ვცდილობთ, გაყოფის პროცესი იყოს უმტკივნეულო და ნაკლებად შეგვეხოს დაპირისპირება“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად, 16 იანვარს, ფრაქციის სხდომის შემდეგ გაიყოფა.

ამ დრომდე უცნობია, რომელ გუნდში იქნება ყოფილი ვიცემერი და დეპუტატი სევდია უგრეხელიძე, რომელიც 2013-14 წლებში გიგი უგულავას მოადგილის პოსტს იკავებდა.
საკუთარ გადაწყვეტილებას უგრეხელიძე, სავარაუდოდ, ორშაბათს დაგეგმილ სხდომაზე გამოაცხადებს.

„ნაციონალურ მოძრაობიდან“ გადაჯგუფება რაიონებისა და ქალაქების საკრებულოებშიც იგეგმება.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ დატოვეს. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.

დღეს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა. ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, „ევროპული საქართველო“ ეწოდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ფრაქციას პარლამენტში, რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, მას „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოსთვის“ ნაცვლად, „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.

news
ავტ.: news იანვარი 13, 2017 20:58