თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილა

თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ფორმატში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის პრეზენტაცია მოისმინეს. როგორც „თაიმერს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გენერალური გეგმის ძირითადი ასპექტები განიხილეს, დეტალური განხილვა კი – თემატურად კომისიურ ფორმატში გაიმართება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მერაბ ბოლქვაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებები წარადგინა და იმ სავალალო მემკვიდრეობაზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპზე ქალაქში არსებობს. მან საკრებულოს წევრებს თბილისის, როგორც კომპაქტური ქალაქის იდეის, ლანდშაფტური განვითარების, ქალაქის ურბანული ზრდის კონტურის, თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის, სარეკრეაციო სივრცეების ზრდის, მტკვრის განვითარების გეგმასა და პერსპექტიულ სატრანსპორტო დერეფნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საკრებულოს წევრებმა კითხვები დასვეს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. კერძოდ, დეპუტატებს აინტერესებდათ შეიცავს თუ არა რისკებს ქალაქის პოლიცენტრული არეალების შექმნა, არსებობს თუ არა ლანდშაფტური განვითარების, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები, როგორი იქნება ქალაქის სატრანსპორტო დერეფნები.
თბილისის მიწათსარგებლობის განაშენიანების გენერალური გეგმის დეტალური განხილვები უკვე კომისიებში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიჭანტურია საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაყენებას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი თანამდებობას ტოვებს