თბილისის საკრებულოს სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცეს. როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განუცხადა, აღნიშნული რეგულაციები 2019 წლიდან ამოქმედდება.

„ამას თავისი მიზეზი აქვს, რომ მძღოლებს ახალი რეგულაციების მოსამზადებლად დრო ჰქონდეთ. ვფიქრობ, ეს არის სწორი დამოკიდებულება. ფაქტის წინაშე არ ვაყენებთ ტაქსის მძღოლებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟლიანმა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, ტაქსების ორი კატეგორიის ლიცენზია იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ ვალდებულება, იყვნენ თეთრი ფერის, ხუთკარიანი, მარცხენასაჭიანი და გავლილი ჰქონდეთ ტექდათვალიერება, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ არ ექნებათ ვალდებულება, იყვნენ თეთრი ფერის, ასევე ისინი ვერ ისარგებლებენ იმ უპირატესობით, რომელიც A კატეგორიის ტაქსებს მიენიჭებათ. კერძოდ, ეს არის საპარკინგე ადგილის გამოყოფა და რეკლამის განთავსებას.

მისივე თქმით, თუ ტაქსი იქნება ელექტრომობილი, პარკინგის გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლდება.

გარდა ამისა, როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, A კატეგორიის ტაქსებს დაურიგდებათ ვაუჩერები, რომლის საშუალებითაც ავტომობილების გადაღებვას შეძლებენ.

„ასევე კომპანიები, რომლებიც დაინტერესდებიან ტაქსებზე რეკლამების განთავსებით, ვალდებული იქნებიან, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსების მძღოლებს ავტომობილი გადაუღებონ. ასევე შესაძლებელია, ტაქსმა თავად აწარმოოს მოლაპარაკება რეკლამის დამკვეთ კომპანიასთან და დამატებითი შემოსავალი მიიღოს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეგულაციების შემუშავებისთანავე გამოცხადდება ტენდერი და მოლაპარაკებები დაიწყება რეკლამის განმთავსებლებთან.

banner
წინა სტატიაშიმმართველმა გუნდმა შესთავაზა თუ არა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილს?!
შემდეგი სტატიაორთაჭალაში მომხდარი ავარიისას დაშვებული მამაკაცი გარდაიცვალა