თბილისის საკრებულო უკრაინაში მედიკამენტებს აგზავნის

თბილისის საკრებულოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული ღონისძიება უკრაინელი ხალხის მედიკამენტებით დახმარების აქციის ფარგლებში მოეწყო.
მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ნინო ოსეფაშვილმა მოაწერეს.
“წითელ ჯვართან გაფორმებული მემორანდუმით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, კერძო სექტორთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მეტად საჭირო და აუცილებელ საქმეში და ჰუმანიტარულ ტვირთს მედიკამენტების სახით გავაგზავნით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს რომელიც ამ პროცესში ჩართული იყო, საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს და კომპანიებს, რომლებმაც ამ აქციაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს“,- გიორგი ტყემალაძე.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და თბილისის საკრებულო თანხმდებიან, ერთობლივი საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად ითანამშრომლონ. კერძოდ, უკრაინაში კრიზისულ სიტუაციაში მოწყვლადი მოსახლეობის მხარდასაჭერად და მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად, წითელი ჯვრის საზოგადოება იღებს ვალდებულებას, დონორის მიერ ჩარიცხული თანხით მედიკამენტები შეიძინოს და უკრაინის წითელ ჯვარს გაუგზავნოს.
„დღეს უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა. საკრებულოს წევრები და თანამშრომლები ჩართული ვართ ყველა საჭირო ჰუმანიტარულ ღონისძიებაში. ამჯერად, ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად შევიძინეთ მედიკამენტები. გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რომელიც მედიკამენტების უკრაინაში წითელი ჯვრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს “, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 1 პაციენტი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონ ველიზე Globalize-ის პირველი კონფერენცია გაიმართა