თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალზე ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ

თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, 11-12 დეკემბერს, თბილისის საბავშვო წიგნის პირველი ფესტივალი იმართება.

12 დეკემბერს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებსაც დააჯილდოებენ.

ფესტივალში საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც მყიდველს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენა.

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა.

„ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე 2020 წელს გამოცემული 13 წიგნია წარდგენილი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ.

პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.

საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილდოებაზე დასასწრებად, თბილისს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე ეწვევა. იგი მოწვეული ექსპერტის სტატუსით, კონკურსის მსვლელობას დააკვირდება და გასცემს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოში საბავშვო ილუსტრაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ახლა რესპირატორული ვირუსები აქტიურდება და თავისუფლად შეიძლება, ისევ გვქონდეს ზრდის ტენდენცია
შემდეგი სტატიარუსეთი აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა, საჭიროა მკვეთრი პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან – ოპოზიცია კრემლის ულტიმატუმზე