თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2020 11:59

თბილისის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის დავალების შესაბამისად, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგების პროცესი გრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სააღმზრდელო პროცესის 12 ოქტომბრამდე გადადების გამო, საკვები პროდუქტებით ბავშვების უზრუნველყოფა მაქსიმალურად მოხდება.

„მინდა, დავავალო ილია ელოშვილს, რომ ბავშვების კვება პროდუქტების სახით, მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ეს გავაკეთეთ პანდემიის პერიოდში და ორი კვირის წინ. ეს მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ამ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, როდესაც პანდემიამ ქვეყანას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა და მსოფლიოშიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ამ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, რათა ორკვირიანი გაცდენა არ იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებს ახალი რეგულაციები დაუწესდათ. რეგულაციების მიხედვით, ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გადაამზადა ბაღების დირექტორები, რომლებმაც თავის მხრივ, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს ბაღის თანამშრომლებს.

„მომზადდა აღსაზრდელთა მიღება-გაშვების გრაფიკი და შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი. ყველა აღსაზრდელს ექნება თავისი ნივთები, ფანქრები, სათამაშოები და ა.შ. ის რეგულაციები, რაც იყო მოთხოვნილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული და ზედმიწევნით შესრულებული, რომ ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2020 11:59