თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის, 11 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 11 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 18 ივნისამდე გაგრძელდება.  აღნიშნული კატეგორიებია: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, ასევე, რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისათვის, საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები – ფორმა 100, ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: 2021registracia@gmail.com

ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე – 2021registracia@gmail.com მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები. კერძოდ: ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია.

ყველა სხვა ზემოთხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 18 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.  ამასთან, მშობლებმა რეგისტრაციის გავლისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2021 წლის 15 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

ელექტრონულად დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge   რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს.

რეგისტრაცია გაგრძელდება ადგილების შევსებამდე. ხოლო იმ აღსაზრდელების მშობლებს, რომლებიც ვერ შეძლებენ ბავშვის დარეგისტრირებას კონკრეტულ ბაღში, შესაძლებლობა ექნებათ 21 ივნისიდან ამავე ბაღში წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე.

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები  – დაბადების მოწმობის ასლი, 2 ფოტოსურათი (ბიომეტრიული), ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა და მშობლების პირადობის მოწმობის ასლი უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ჩიხშია შესული
შემდეგი სტატიალაშა გეგეჭკორი: გაზრდილია დაკბენების და ცოფის გავრცელების რისკი!