თბილისის რიგით 25-ე ჯაზფესტივალი იწყება

თბილისი 7-9 ივლისს, რიგით 25-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ორგანიზატორები ჯაზის მოყვარულებს ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებას შესთავაზებენ. წლევანდელი ფესტივალის სტუმრები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

7 ივლისი – ხუთი გრემის მფლობელი, ჯაზის განუმეორებელი შემსრულებელი დაიანა რივსი და ჯაზ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პიანისტი ჯონ ბისლი, გიტარისტი რომერო ლუბამბო, ბასისტი იტაიგურა ბრენდაო და დრამერი ტერეონ გული;

8 ივლისი – მისტიური პროექტი „ქროსქურენთს ტრიო“, რომელიც აერთიანებს ჯაზის სამ ლეგენდას: ბასისტი დეივ ჰოლანდი, საქსოფონისტი ქრის პოტერი და პერკუსიონისტი ზაქირ ჰუსეინი ;

9 ივლისი – მსოფლიო კრიტიკოსების მიერ წოდებული 21 საუკუნის ჯაზმენი ვიჯეი აიერი და მისი ტრიოს წევრები: ბასისტი ლინდა მეი ჰან ოუ და დრამერი თიშოუნ სორეი.

წლევანდელი საიუბილეო ჯაზფესტივალის მასპინძელია სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“. ფესტივალის განმავლობაში, სასტუმროს ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა სახელწოდებით – „როგორ მესმოდა…“, რომლის ავტორია ახალგაზრდა ფოტოხელოვანი თეიო.

19:30 საათიდან დარბაზში – „ჯაზსინემა“ მოეწყობა კახა თოლორდავას ფილმის – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ისტორია“ ჩვენება. მაყურებელი ასევე, იხილავს გრემის ჯილდოს მფლობელ ფილმს – „ქვინსი“ (სადაც გამოყენებულია 2016 წლის შავი ზღვის ჯაზფესტივალის ეპიზოდი). პარალელურად, დარბაზში – „ჯაზლაბი“, სტუმრები კონსერვატორიის ჯაზფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილ კომპოზიციებს მოისმენენ.

21:00 საათიდან მთავარ დარბაზში – „ვარსკვლავების სცენა“ ჰედლაინერების კონცერტები გაიმართება.

23:00 საათიდან სივრცეში – „ჯაზლაბი“ მსმენელის წინაშე მუსიკოსი კარლო ქაინდი და ამერიკულ-ქართული ნუბობ კვინტეტი წარსდგებიან.

ფესტივალის დღეებში კომპანია „აუდიო ლაბი“ მოაწყობს ვინილების გამოფენა-გაყიდვას. ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათზე გაიხსნება. ფესტივალი თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ჯაზფესტივალს ტრადიციულად, წარმოადგენს „თიბისი კონცეპტი“; ოფიციალური სპონსორი – ვიზა; მასპინძელი რესტორნები: „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“ და „ლადონინა“; საინფორმაციო მხარდაჭერა: „იმედი“ TV, რადიო „ფორტუნა“, „მარკეტერი“, „ნეტგაზეთი“, სარეკლამო სააგენტო „ალმა“; ფესტივალს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევენ: ბეხშტაინი „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

ბილეთები გაიყიდება www.tkt.ge-ზე. „თიბისი“ კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო „თიბისი“ ვიზა ბარათის მფლობელებზე 10%-იანი ფასდაკლება.

banner
წინა სტატიაშიბათუმში პლასტმასის საწარმოში ხანძარია
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა, ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლა, როცა მიზნები განსხვავებულია, შეთანხმება რთულია