თბილისის პროკურატურაში ხათუნა ლაგაზიძის გამოკითხვა მიმდინარეობს

ხათუნა ლაგაზიძე ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში იმყოფება.

ლაგაზიძის გამოკითხვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ მის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.
ხათუნა ლაგაზიძესთან შეხვედრა პროკურატურაში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მან აღნიშნული განცხადების კონტექსტში სახელმწიფოსგან მისი უსაფრთოების უზრუნველყოფა მოითხოვა.

ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა, აცხადებს, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან ყოფილი „ნაციონალები“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანები არიან და საარჩევნო სიაც სწორედ მათი ზეწოლით დაკომპლექტდა.

„მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. ამ ადამიანებს აქვთ ძალიან მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და სწორედ იმ იძულების ფორმებიდან, რითიც მე, ფაქტობრივად, მაიძულეს, დამეტოვებინა პარტია, მაქვს სრული საფუძველი, განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიდათა ახალაიას სახაზინო ადვოკატიც დაიცავს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი : ,,სირცხვილია, ბატონო ბიძინა!“