თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

უწყების ცნობით, გათავისუფლების მიზეზი პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაა, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს.

„2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეომასალაში, რომელიც მედიაში გავრცელდა, პროკურატურაში არ ადასტურებენ, რომ მასალაში ასახულ პირებს შორის შოთა პაკელიანია.

,,მიმდინარეობს ვიდეომასალის ავთენტურობისა და მასში ასახული პირების იდენტიფიკაციის მიზნით ფონოსკოპიური და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ვიდეოში შოთა პაკელიანია“,- განუცხადა საზოგადოებრივს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

სუხიაშვილის განმარტებით, ინტერნეტში დღეს გავრცელებული ვიდეომასალა გამოძიებაში მტკიცებულების სახით დევს.

 

banner
წინა სტატიაშიუშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამი (კოშკი) ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაკიევის საოლქო საბჭო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს