21 დეკემბერი მძიმე თარიღია საქართველოსთვის. 1991 წლის 21 დეკემბერს თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. თბილისში შეტაკებები 6 იანვარს შეწყდა, იმ დღეს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ თბილისი, შემდეგ კი საქართველო დატოვა. ხელისუფლება ხელში სამხედრო საბჭომ აიღო. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლამდე ისინი მართავდნენ ქვეყანას.

დაპირისპირებამ დედაქალაქში 15 დღეს გასტანა და ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ომის წინაპირობა ქვეყანაში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იქმნებოდა – ომს წინ მძიმე პოლიტიკური კრიზისი უძღოდა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც, ზვიად გამსახურდიას პირადი გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და შინაგანი ჯარის სტატუსი მიენიჭა. გამსახურდიამ ის შსს-ს დაუქვემდებარა.

მაშინდელი პრემიერმინისტრი, თენგიზ სიგუა თანამდებობიდან გადადგა, კიტოვანმა კი უარი თქვა, შეესრულებინა ზვიად გამსახურდიას ბრძანება და მას დაქვემდებარებული 15 ათასკაციანი გვარდია ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა. მაშინ კიტოვანმა თქვა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, გამსახურდიაც უწოდებდა ოპონენტებს მოღალატეებს და რუსეთის აგენტებს.

მაშინ თენგიზ კიტოვანმა რამდენიმე შენობა დაიკავა.
ამ პერიოდში კიტოვანმა ციხიდან ე.წ კანონიერი ქურდი, ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგე, ჯაბა იოსელიანი გამოუშვა, რომელმაც შეიარაღებული არაფორმალური ფორმირება მხედრიონი შექმნა და გამსახურდიას დამხობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი დაჯგუფება მიზნად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების სეპარატისტებისგან დაცვას ასახელებდა.
ზვიად გამსახურდიამ თავი ბუნკერს შეაფარა, 1992 წლის 6 იანვარს კი ჯერ აზერბაიჯანში გაიქცა, სადაც თავშესაფარზე უარი მიიღო, შემდეგ კი სომხეთში წავიდა და იქ მცირე ხანი დაჰყო.
ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ყოფილი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა, ექსთავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი და მხედრიონის მეთაური ჯაბა იოსელიანი. 1992 წლის 7 მარტს კი საქართველოში ედუარდ შევარდნაძეც დაბრუნდა.

დასავლეთ საქართველოში მხედრიონი შევიდა და დარბევა და ძარცვა დაიწყო.
1993 წლის ოქტომბრის ბოლოს გამსახურდია და მისი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ.
31 დეკემბერს ის ხობის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.



















